ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ტესტებზე პრობლემა ჯერ არ შექმნიათ.
ამასთან, სოლოღაშვილი ამბობს, რომ სასურველია ტესტების გაკეთების სიხშირე გაიზარდოს.
“ჯერჯერობით, ჩვენ არ შეგვქმნია პრობლემა სტაციონარიზებულ პაციენტებზე, რომ ტესტი ან დაგვიანებულიყოს, ან არ ჩატარებულიყოს. თუმცა, სასურველია, რომ ამბულატორიულად ჩატარდეს უფრო დიდი რაოდენობის ტესტები და უფრო მაღალი იყოს სიხშირე პაციენტების გამოკვლევის“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, სოლოღაშვილი განმარტავს, რომ ბოჭორიშვილში არაერთი სწრაფი ტესტი შემოწმდა, თუმცა კონკრეტულად რომელია ყველაზე კარგი სწრაფი ტესტი, ამაზე პასუხის გაცემა რთულია. მისივე თქმით, სწრაფი ტესტის მიზანია უსიმპტომო პაციენტის გამოვლენაა.
„სწრაფ ტესტებს აქვთ როგორც ცრუ დადებითი, ასევე ცრუ უარყოფითი პასუხი. ზოგადად, ჩვენ ცრუ უარყოფით პასუხებს ვართ მიჩვეული სწრაფი ტესტების შემთხვევაში, მაგრამ არის ცრუ დადებითიც. ასე რომ, ჯერჯერობით, რომელიმე სწრაფ ტესტზე ჩვენი კლინიკა ვერ ჩამოყალიბდა იმიტომ, რომ არ იყო ისეთი სანდოობის კოეფიციენტი, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.